პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განმარტებით, ფასებთან დაკავშირებით კომისიის რეკომენდაციას აბსოლუტურად ყველა ქსელი ძალიან პოზიტიურად გამოეხმაურა.

მაჭავარიანის თქმით, ქსელები მზად არიან, რეკომენდაციები გაითვალისწინონ და ისინი უკვე დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, რაც პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნას გულისხმობს.

"ეს არის პირველი პოზიტიური ნაბიჯი და, როგორც მე განვსაზღვრე, ეს არის მოკლევადიანი ნაბიჯების მიმართულება, რაც თავიდან ბოლომდე ქსელებმა უნდა აიღონ თავის თავზე. ჩვენ ვიხილეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ქსელი ამას გამოეხმაურა ძალიან პოზიტიურად. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს რეკომენდაციები, რომლებიც სამივე მიმართულებით გაცემულია - მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი - არის ძალიან ლოგიკური. ეს არ გულისხმობს მათ ბიზნესში უხეშ ჩარევას. შესაბამისად, ისინი მზად არიან, რომ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინონ და ამ შემთხვევაში, ისინი უკვე დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ: პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.