ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხედრო ძლიერების შესახებ გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელის პილოტებს "ირანის საჰაერო სივრცის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლიათ და, საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არიან“,- ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

"ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ის ყოველთვის უნდა დარჩეს ჩვენს მტრებზე ბევრად ძლიერი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ისრაელი აძლიერებს თავის ძალებს, მათ შორის, ქმნის F-35 ტიპის გამანადგურებლების ესკადრილიას და F-15IA-ს ტიპის თვითმფრინავების კიდევ ერთ ესკადრილიას. მისი თქმით, ეს თვითმფრინავები "ისრაელის აბსოლუტურ საჰაერო უპირატესობას გააძლიერებენ".

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ მან ქვეყანას დაავალა ინვესტიციების ჩადება შიდა საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობების განვითარებაში. მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გაიზრდება, რათა "უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულება შემცირდეს". მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა "ისრაელში წარმოებულ ინოვაციურ საავიაციო სისტემებს განავითარებს".