აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მომავალ კვირას იტალიასა და ვატიკანს ეწვევა. როგორც Politico იუწყება, ვიზიტი 7-8 მაისს შედგება.
Politico იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუბიოს ვიზიტი "ურთიერთობების დათბობის" მცდელობაა მას შემდეგ, რაც ტრამპმა რომის პაპი და იტალიის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა.
მედიის ინფორმაციით, რუბიო, სავარაუდოდ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანის და თავდაცვის მინისტრს, გვიდო კროსეტოს, ასევე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, პიეტრო პაროლინს შეხვდება.
ცნობისთვის, ტრამპმა პაპი ლეო ომის საწინააღმდეგო რიტორიკის გამო გააკრიტიკა და მას "დანაშაულთან და ბირთვულ იარაღთან ბრძოლაში სუსტი" უწოდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლეომ X-ზე დაწერა, რომ "ღმერთი არცერთ კონფლიქტს არ აკურთხებს". ამასთან, დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი რომის პაპის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.
