მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ და უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში აგორებული კამპანია - შალვა პაპუაშვილი იმ პროცესების ქრონოლოგიას აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ომში ჩათრევას ისახავდა მიზნად. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7 000 ადამიანის ვინაობას, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და ეს პროცესი ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია.
"სხვისი დროშის მოფრიალე ამ პირებს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ - ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხანაც ნეპალის სცენარის მომწყობად", - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, მსგავსი მოთხოვნები საქართველოს მიმართ შეგნებულ ზეწოლას წარმოადგენს, რათა ქვეყანამ გადადგას მისთვის მძიმე და ისტორიულად რისკიანი ნაბიჯი და საფრთხის ქვეშ დააყენოს საკუთარი სახელმწიფოებრიობა.
"ბომბების ცეცხლი, სირცხვილი და ა.შ. - გახსოვთ ეს ფრაზები, რომლის შემდგომ ბოდიში არავის მოუხდია, ამავდროულად უკრაინული მხარე, როდესაც საქართველოს, იცი, რომ საოკუპაციო ხაზი 50 კმ-შია თბილისთან; იცი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული; იცი, რომ რუსეთისთვის სამხედრო ინტერვენციის დაწყება საქართველოში, კონკრეტული მიზეზის მიცემა ამისთვის შეიძლება საკმარისი საბაბი და საფუძველი იყოს, მაინც ითხოვ საქართველოს ომში ჩართვას, მაინც ითხოვ ქართველი სამხედროების ოფიციალური ბორტით უკრაინაში გაგზავნას, მაინც ითხოვ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ეს ყველაფერი ხომ არის შეგნებულად ხელის კვრა საქართველოსთან მიმართებით, რომ მან გადადგას ეს საკრალური ნაბიჯი და საკუთარი 3 000 წლიანი სახელმწიფოებრიობის ისტორია დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
