დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბორგე ბრენდემ გადადგომის შესახებ განაცხადა. ბრენდემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ, ფორუმმა დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი და სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინის კავშირების შესახებ. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ბრენდემ, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი 2017 წელს გახდა, თავისი გადაწყვეტილება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა, რომ ნორვეგიელს ეპშტეინთან სამი საქმიანი ვახშამი ჰქონდა. ასევე ჰქონდა კომუნიკაცია მიმოწერის მეშვეობით.

თავად ბრენდე აცხადებს, რომ 2017 წლიდან დაკავებული პოსტის დატოვების გადაწყვეტილება "საფუძვლიანი განხილვის შემდეგ" მიიღო.

"საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე, დავტოვო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. ჩემი რვა წელიწადნახევრიანი აქ ყოფნა წარმოუდგენლად ნაყოფიერი იყო", - თქვა ბრენდემ. განცხადებაში ეპშტეინი არ იყო ნახსენები.