ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია ჟუის-დე-ფორა, სადაც მეწყერმა 12 სახლი წაიღო და უბა, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა.

მაშველები, სულ მცირე 38 ადამიანს ეძებენ, რომლებიც ამ დრომდე უზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. ათასობით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანისთვის დროებითი თავშესაფრები იქმნება.

მეტეოროლოგების ცნობით, რეგიონში ამ თვეში თებერვლის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა და მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტი წვიმაა მოსალოდნელი.