პარტია "ლელოს" ლიდერის განცხადებით, საარჩევნო ბოიკოტი არასდროს შედეგის მომტანი არ ყოფილა.
როგორც სალომე სამადაშვილი ერთ-ერთ მედიასთან განმარტავს, ბოიკოტის ერთადერთი შედეგი ყოველთვის ოპოზიციის დაზიანებაა.
"ლელოს" ლიდერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარი ხელისუფლების ოპონენტებთან შეხვედრების ფარგლებში განხილულ საკითხებს ეხება და სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემა და საკუთარი როლი შეახსენა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია აშშ-ის საელჩოს განცხადებას და სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტის შემაჯამებელ დოკუმენტს საკუთარი თავების გასამართლებლად იყენებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას, "ლელოს" ლიდერი აცხადებს, რომ გრძელვადიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაჩნდა პოზიტიური ინტერესი, რაც დადებით მოვლენად ფასდება.
"უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაზე დაფიქსირებული შეფასებების დროს.
ძალიან ღიად ვიტყვი, უვიცი და ძალიან არაპროფესიონალური შეფასებები იყო, როდესაც ადამიანები ცდილობენ, საკუთარი აზრები გაასაღონ ამერიკული მხარის პოზიციად. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი ვინმეს სულელად თუ მიაჩნია, მე არ მიმაჩნია.
გულწრფელობის გარდა ოპოზიციას სხვა არაფერი აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ესაუბროს. ჩანაწერი რაც გაკეთდა ბოიკოტთან დაკავშირებით, არის საჯაროდ, ვინც წერა-კითხვა იცის, შეუძლია, წაიკითხოს. იქ წერია შავით თეთრზე, რომ ამერიკულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, როცა შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ქართველი ხალხის, ამომრჩევლების ინტერესი მათ უნდა დაიცვან, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით.
ეს არის ჩანაწერი, რომელიც გასაგებად არის დაფიქსირებული ბოიკოტთან დაკავშირებით. საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა, არ მოუტანია.
ჩვენ დასავლელი პარტნიორები ჩვენი არაკეთილმოსურნეები არ არიან, რომ მხარი დაუჭირონ საარჩევნო ბოიკოტს, რომელიც დამაზიანებელია ხალხისთვის და ნულოვანი შედეგის მომტანი ქვეყნისთვის", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
