ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს და არ აკეთებს განმარტებებს ვიდეორგოლზე, რომელიც საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით მოამზადა. რამდენიმე წამიან ვიდეოში ჩანს საქართველოს დროშა საპროტესტო აქციებზე, რაც "ქართული ოცნების" შეფასებით, ძალადობრივი პროტესტის რომანტიზება და დაპირისპირების წახალისებაა.

საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს იყო ძალადობის გამართლების, რომანტიზების და, მათ შორის, მხარდაჭერის აქტი.

"თუკი მაინცდამაინც უნდოდა მოლოცვა, იქნებ ევროკავშირმა, ბოლოს და ბოლოს, აიღოს მაგალითი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან და ენახა, როგორ მიულოცა აშშ-ის საელჩომ გუშინ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე.

ეს კონტრასტი, რომელიც გუშინ იყო, ძალიან კარგად აჩვენებს იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, საითაც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს ევროკავშირს.

ეს იყო ძალადობის გამართლების, რომანტიზების და, მათ შორის, მხარდაჭერის აქტი.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი, საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი "მილოცვა". რა თქმა უნდა, ეს უხამსობა აბსოლუტურად მიუღებელია. თავად ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, რაც ვნახეთ ევროკავშირის საელჩოს სოციალური მედიის გვერდზე. ეს უხამსობა უნდა შეწყდეს. მათ ადგილას ამ ვიდეოს საერთოდ ავიღებდი. ამაზე გასაგებად როგორ უნდა გვითხრან, ვისგან არის სიძულვილი და ძალადობა შთაგონებული, დაფინანსებული და მართული?" - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.