აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა. დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების მიზეზად თეირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება თითქმის მიღწეულია. პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ევროპაში გაფორმდება, ვაშინგტონის სახელით კი მას ხელს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მოაწერს.
პარალელურად, ცნობილია თეირანის პოზიციაც: ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ბოლო ორ დღეში, აქტიური საომარი მოქმედებები განახლდა. აშშ-მა ირანის მასშტაბით სხვადასხვა სამხედრო ობიექტი დაბომბა, რასაც თეირანმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე დარტყმებით უპასუხა. ამასთანავე, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამოქალაქო გემებისთვის ჰორმუზის სრუტეს კვლავ კეტავს.
