ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირებაა. 9 პარტიის ერთობა შესაძლოა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს. მათი განცხადებით, ისინი ვერ იქნებიან ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც, მათივე თქმით, ანტი-მიშას პოზიციებს ითავსებს.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ალიანსში შემავალ პარტიებს ისევ მწვავედ აკრიტიკებს და წერს, რომ არ აპირებს გაუფრთხილდეს ვინმეს სენტიმენტებს, კრიტიკის მიღება კი აუცილებელია.

დაპირისპირება ალიანში პატიმარი ექსპრეზიდენტის განცხადებებს მოყვა, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს. ამ განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია გაემიჯნა.

"ნაციონალურ მოძრაობის" პოზიციას აფასებენ ოპოზიციური გაერთიანების წევრები. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, განცდა აქვს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პარტიას გაერთიანების დატოვება სურს და მათ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ.

მისივე თქმით, არ აპირებს "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილება გადააფიქრებინოს.

"ცარიელ ადგილზე ატეხილი ქარიშხალია. ერთადერთი, განცდას მიტოვებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ გასვლას აპირებენ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მაგის გამო საზოგადოების განწყობა პრინციპულად გადატყდება და შეიცვლება [ცდება].

თუ არ იქნება "ნაციონალური მოძრაობა" ამის წევრი, ვინც იქნება ისინი დაიწყებენ მშენებლობას. დასპინეს რაღაც, რომ ვიღაცები ებრძვიან პრეზიდენტ სააკაშვილს. არაფერი მსგავსი არ ხდება ცხადია, არასერიოზულია ეს ყველაფერი. არავის არაფერში დარწმუნებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ როცა ალიანსი იქმნებოდა, პირადად დავხარჯე ბევრი დრო და ენერგია იმაზე, რომ ისეთი შეთანხმება ყოფილიყო, რომ მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც" ამის ნაწილი ყოფილიყო - თუ არ უნდათ ადამიანებს, არ უნდათ!" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ გადაცემაში საუბრის დროს.