დაშლილი კოალიცია და გავლენებისთვის ბრძოლა დაშლის წინაშე მყოფ "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვინ დარჩება და ვინ დატოვებს პარტიის რიგებს, ან ვინ ჩაიბარებს თავმჯდომარის პოსტს.

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარტიის განახლებისა და რეფორმირების მთავარ ფიგურად დაასახელა, ღიად აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თანათავმჯდომარე იქნება. რადიკალური ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტმა იმ დროს დააანონსა, როდესაც პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანაში საერთოდ არ იმყოფებოდა.

სტრუქტურულ გადაჯგუფებებზე განმარტებებს ამ დრომდე მხოლოდ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი და მისი ახალი რჩეული აკეთებენ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე კი დუმილს ინარჩუნებს.

შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდაჭერა შიდაპარტიული დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანაა.

"ვხედავთ, რომ ძველი "ნაცები", რომლებიც კვლავ შეიყარნენ სულ რამდენიმე თვის წინ და "ფანჩატური ნომერ X" ჩამოაყალიბეს და ახლა ისევ იშლებიან, თუ დაშლილები არიან... წარმოიდგინეთ, რა ცუდ დღეშია კოლექტიური "ნაცმოძრაობის" უკან მდგომი ძალა. მიმართეს ნანუკა ჟორჟოლიანს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა გააძლიეროს თურმე "ნაცმოძრაობა". ნანუკა ჟორჟოლიანმა რომ "ნაცმოძრაობასთან" ერთად სცადა არჩევნების გზით, საქართველოს პარლამენტის წევრი გამხდარიყო, ეს გვახსოვს. იგი იყო, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატი, შემდეგ იგი იყო სიაში, მაგრამ ვერ მოხვდა საქართველოს პარლამენტში და იგი გადაიქცა ერთ ჩვეულებრივ პროპაგანდისტად, რომელიც ეთერ-ეთერ დადის, სხვადასხვა სოციალურ ქსელს იყენებს იმისთვის, რომ როგორმე გააძლიეროს დეზინფორმაციის გავრცელება. ახლა, მისი მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" უპირობო ბელადის, სისხლიანი, სისტემური და სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არის შიდა პარტიული დაპირისპირებების სააშკარაოზე გამოტანა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.