"ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ ამ 4 ოქტომბრის აქციას, მათ შორის არის ზვიად კუპრავაც, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ, როგორც გარკვეულ ვარიაციას ლევან ხაბეიშვილისა," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ზვიად კუპრავას დაკავებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ვინც კანონს დაუპირისპირდება, პასუხისგებაც მოუწევს.

"თვითდაჭერების პროცესი გრძელდება - განგებ არღვევენ კანონს, გამოდიან ასეთი განცხადებებით, ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებებიც ახლავს, - საჯარო მოწოდება აჯანყების, დამხობის და ა.შ. ეს ვარაუდი არანაირად არ მოსცილდება ჩვენს საზოგადოებას, ვინაიდან წარმატების შანსი არ აქვს იმას, რასაც ამბობენ, - გადატრიალების და აჯანყების სქემა მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ ამ 4 ოქტომბრის აქციას, მათ შორის არის ზვიად კუპრავაც, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ, როგორც გარკვეულ ვარიაციას ლევან ხაბეიშვილისა. მეორე საკითხია კანონი, - თუ კანონს უპირისპირდები შენი განცხადებებით და ქმედებით, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დასჯადია," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა დააკავა. "ნაციონალური მოძრაობის" და თბილისის საკრებულოს მოქმედ წევრს, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. მიზეზი გუშინ გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელიც კუპრავამ სოციალურ ქსელში თავად განათავსა და, სადაც ის მოქალაქეებს ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოუწოდა. სუს-ში აცხადებენ, რომ კუპრავამ დაკავების დროს მათ წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია.