"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებთან დაგეგმილ შეხვედრებზე, "იმედის დღის" ეთერში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე,  შეიძლება თუ არა ამ შეხვედრებზე გამოიკვეთოს დარგები, რომლითაც დაინტერესდებიან ახალგაზრდები და შესაბამისად, გამოჩნდნენ იმ მიმართულებების ლიდერებიც, სადაც კადრების დეფიციტია, ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ამის ძალიან დიდი იმედი აქვს.

მისივე თქმით, განათლების რეფორმაც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ აბიტურიენტებმა მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაზე არ გააკეთონ არჩევანი.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. განათლების რეფორმაც ზუსტად ამას ემსახურება. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისე ხდება, რომ მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას ირჩევენ ახალგაზრდები. გვყავს უამრავი აბიტურიენტი და როდესაც ამთავრებენ უნივერსიტეტს, მაგალითად, იურიდიულის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, არის სამჯერ და ოთხჯერ მეტი სტუდენტი, რომელიც ამთავრებს, მოთხოვნა, შესაბამისად, არის სამჯერ და ოთხჯერ ნაკლები. უმნიშვნელოვანესია ასევე პროფესიული მიმართულება, რაზეც ხშირად აკეთებს ჩვენი გუნდი ხაზგასმას, ძალიან გვიჭირს ამ მიმართულებით და ხშირად ხდება ისე, რომ უცხოეთში ვეძებთ პროფესიონალებს. ვფიქრობ, რამდენიმე წლის შემდეგ სრულად შეიცვლება ეს სურათი და დარგობრივად გაცილებით მეტი პროფესიონალი გვეყოლება," - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ახალგაზრდულ ორგანიზაციას უახლოეს მომავალში ექნება პრეზენტაცია და ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაეუფლოს სასურველ პროფესიას. ლიპარტელიანის განცხადებით, მომავალ თაობას ხელი უნდა შევუწყოთ განვითარებაში, რათა საბოლოო ჯამში, ქვეყანას გამოადგნენ.

"რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, ვიცით, დღეს, 21-ე საუკუნეში, რამხელა მოთხოვნაა ინოვაციაზე - ინოვაციური სამყარო შეიქმნა, ხელოვნური ინტელექტი იქნება ეს თუ სხვა. ამ მიმართულებითაც ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება ალბათ პრეზენტაცია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოვიდეს, დაეუფლოს იმ პროფესიას, რა მიმართულებითაც სურს განვითარება. აუცილებლობა არ არის, რომ გინდა თუ არა, შენ პოლიტიკოსი გახდე. ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ ხელი შევუწყოთ მომავალ თაობას, ახალგაზრდებს იმაში, რაშიც ექნებათ სურვილი, რომ განვითარდნენ და საბოლოო ჯამში, გამოადგნენ ქვეყანას. მთავარი ინტერესი, მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი და წარმატებული," - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.