4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულების ნაწილი პროკურატურას მიმართავს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. 46-იდან 2 გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. დაკავებულია 44, მათმა ნაწილმა სახელმწიფო ბრალდებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარუდგინა.
საუბარია დაავადებებზე, ოპერაციებსა და ფსიქიკურ პრობლემებზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის პარალელურად, დაკავებულების ნაწილი აქცენტს ოჯახურ მდგომარეობაზე აკეთებს. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ კანონი ყველასთვის კანონია და კონკრეტული პირების პროფესია თუ სოციალური მდგომარეობა ინდულგენცია ვერ გახდება.
ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე სენით დაავადებული პაციენტია და საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე სენით დაავადებული პაციენტია. ჩვენ, აღმკვეთის ღონისძიება, რომელიც შეუფარდა საქალაქო სასამართლომ, გასაჩივრებული გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ასევე, პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროკურატურასთან. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაგვიკმაყოფილოს და პროკურატურაც მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას და მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ აღმკვეთის ღონისძიების სახით უფრო ნაკლები აღმკვეთი ღონისძიება შეფარდებით - გირაოს სახით. რაც შეეხება თვითონ ალექსანდრე გოგოლაძეს, ის ბრალს არ აღიარებს. პირიქით, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.
