გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, სად სჯობს, ჩატარდეს გაფართოებული კრება.

"მთავარი საკითხი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, არის პროცედურული საკითხები. ბევრი წვრილმანი, ნიუანსია, რის გამოც გაგრძელდა დიდხანს წმინდა სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დავიღალეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, დაწყებული იქიდან, სად სჯობს, ჩატარდეს კრება. გაფართოებულ კრებაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ამხელა კრების ჩატარება არ არის მარტივი ტექნიკური თვალსაზრისით. ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს. ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი არ იყო. ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ ამას დასჭირდება თავისი შეზღუდვები, დაცვა, ყველაფერი", – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.