ნეპალის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ცნობით, ევერესტის მთაზე, ზოგიერთი გიდი მთამსვლელებს თაღლითური სქემის ფარგლებში წამლავდა, რაც 20 მილიონი დოლარის ოდენობის სადაზღვევო თანხის მიღებას უკავშირდება.

გამოცემა The Kathmandu Post-ის ცნობით, 12 მარტს 32 გიდს ბრალი წაუყენეს ამ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც 2022-დან 2025 წლამდე პერიოდში 4 782 უცხოელ მთამსვლელს შეეხო.

მედიის ინფორმაციით, თაღლითური სქემა პირველად 2018 წელს გამოვლინდა, თუმცა ნეპალის პოლიციამ გამოძიება ცოტა ხნის წინ განაახლა. სქემის ფარგლებში, გიდები საგანგებო სიტუაციის ინსცენირებას ახდენდნენ ტურისტებისთვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი ან ავსტრალია, რაც სადაზღვევო კომპანიას ურთულებდა შემთხვევების გადამოწმებას ნეპალის რაიონში, კატმანდუში.

გამოცემა პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ევერესტის მთამსვლელებს, 3 600 მეტრ სიმაღლეზე ასვლისას ხშირად სიმაღლის დაავადება აწუხებთ, თუმცა ნეპალის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ გიდები მთამსვლელების საკვებს განზრახ უმატებდნენ გამაფხვიერებელს, რათა სიმაღლის დაავადების საერთო სიმპტომები გამძაფრებულიყო და შემდეგ სიმულირებას ახდენდნენ, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობა არსებობდა.

მედიის ცნობით, თაღლითობაში ასევე მონაწილეობდნენ საავიაციო კომპანიები, ადგილობრივი საავადმყოფოები და სხვა ორგანიზაციები, რადგან გიდები ქმნიდნენ ვერტმფრენებით სასწრაფო ევაკუაციისა და შემდგომი მკურნალობის აუცილებლობას. პოლიციის გამოძიების საფუძველზე, გამოცემა იუწყებოდა, რომ ყალბი სამაშველო ოპერაციების ფარგლებში, International Hospital-მა, სავარაუდოდ, 15,87 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, ხოლო Shreedhi International Hospital-მა - 1,22 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კომპანია Mountain Rescue Service-მა, სავარაუდოდ 171 თაღლითური სამაშველო ოპერაცია განახორციელა, რითაც საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებიდან 10,31 მილიონი დოლარი მიითვისა. Nepal Charter Service-მა სავარაუდოდ, ამ სქემაში მონაწილეობისთვის 8,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო კომპანია Everest Experience and Assistance-ს 11,04 მილიონი დოლარის სადაზღვევო გადახდა უკავშირდება.