მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს. ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
სიონის საპატრიარქო ტაძარში მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. ეს არის პირველი დიდი დღესასწაული, რომელსაც მრევლი ილია მეორეს გარეშე ხვდება. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტაძარში პანაშვიდი შესრულდა.
"მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. რთულია ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ.
წმინდა ეკლესია გვეუბნება ჩვენ, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება და ვხარობთ ჩვენ, რომ არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმიდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც შეიძლება გაიხსნას. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ამ ხარებამ. ამიტომ, დღეს ჩვენ განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი. მოგვმადლოს ჩვენ ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა," - აცხადებს მეუფე შიო (მუჯირი).
