ორი მილიონ სამასი ათასი ტურისტული ვიზიტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ტურისტული ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მონაცემები გასულ წელთან შედარებით შვიდი პროცენტით მეტია.
საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩება. ვიზიტორები ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციას წელიწადის ყველა დროს ეცნობიან. გამორჩეულია წლევანდელი წელი. საქართველოში მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი - დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან.
ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორისაა საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობენ სასტუმროები.
გაზრდილ ნაკადს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში სწორ მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ დროის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 3 მილიონ 200 ათასს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 7 პროცენტით მეტია.