2021 წელს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ შეგროვებული თანხის არა 20, არამედ 47 % დახარჯა საკუთარი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ასოციაციის ხელმძღვანელობა მიუთითებს, რომ 47% დაიხარჯა პანდემიის პერიოდში არსებული ფიქსირებული ხარჯებისთვის, რაც აუცილებლად უნდა გადაეხადათ. ასევე მიუთითებენ იმ პუნქტზე, რომელიც მათ შიდა აქტებში აქვთ გაწერილი, რომ თუკი არსებობს ამის აუცილებლობა, შეუძლიათ დროებით, როგორც სესხი, გამოიყენონ ავტორთა ჰონორარები და შემდეგ ეს უნდა დაფარონ. საინტერესოა, რა იყო აუცილებელი ხარჯი პანდემიის დროს? როგორც ირკვევა აუცილებელი ხარჯი, რის გამოც მათ ავტორთა ჰონორარები დახარჯეს, იყო ხელფასები, პრემიები, ბონუსები, ერთ-ერთ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირის საზღვარგარეთ განათლების დაფინანსება, საჩუქრები და სხვა ისეთი ხარჯები, რაც არაფერ კავშირშია პანდემიასთან და მეორე, არაფერ კავშირშია აუცილებელ ხარჯთან. მაგალითად 51 812 ლარი იყო სარგებლის ერთი ნაწილი, რომელიც მოიცავდა უცხოეთში სწავლის ღირებულებას, ნორმის ზევით მივლინების თანხა იყო 19 417 ლარი, ხელფასი 150 000 ლარი, პრემია 6000 ლარი, ბონუსები და ა.შ. ეს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაიწერა აუდიტის ანგარიშში“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.