პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა შეაჯამა ოპერაცია "Epic Fury"-ს (ეპიკური რისხვა) შედეგები და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოპოვებულ სტრატეგიულ მიღწევებს ისტორიული გამარჯვება უწოდა.
"ირანს ჩვენს პირობებზე უარი რომ ეთქვა, ჩვენი შემდეგი სამიზნე მათი ელექტროსადგურები, ხიდები, ნავთობის და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა გახდებოდა - ობიექტები, რომელთა დაცვასაც ისინი ვერ შეძლებდნენ და რომელთა აღდგენაც, რეალურად, შეუძლებელი გახდებოდა. ამას ათწლეულები დასჭირდებოდა.
პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა ძალა, სულ რამდენიმე წუთში სრულად მოეშალა ირანის ეკონომიკა, თუმცა მან მოწყალება არჩია. მან თავი შეიკავა ამ სამიზნეების განადგურებისგან, რადგან ირანმა მასშტაბური ზეწოლის ქვეშ ცეცხლის შეწყვეტის პირობები მიიღო. ახალმა რეჟიმმა გააცნობიერა, რომ შეთანხმება ბევრად სჯობდა იმას, რაც მათ ელოდათ. ახალმა მმართველობამ უბრალოდ მხედველობაში მიიღო ის, რაც მათ წინამორბედებს დაემართათ.
მათი უმაღლესი ხელმძღვანელობა სისტემატურად განადგურდა: ირანის წინა უზენაესი ლიდერი - ლიკვიდირებულია; ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი - ლიკვიდირებულია; უზენაესი ლიდერის აპარატის მრჩეველი — ლიკვიდირებულია; უზენაესი ლიდერის სამხედრო ოფისის უფროსი - ლიკვიდირებულია; თავდაცვის მინისტრი - აღარ არის; "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) სარდალი - ლიკვიდირებულია; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი - ლიკვიდირებულია; დაზვერვის მინისტრი - ლიკვიდირებულია; "გუშაგთა კორპუსის" სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი - აღარ არსებობს; "გუშაგთა კორპუსის" დაზვერვის უფროსი - ლიკვიდირებულია.
ბევრი გამოვტოვე და შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო - მათ შორის ახალ, ეგრეთ წოდებულ უზენაეს ლიდერზე, რომელიც დაჭრილი და დასახიჩრებულია. ახალ რეჟიმს არც არჩევანი ჰქონდა და არც დრო, ამიტომაც დათმობაზე წავიდნენ. იციან: ეს შეთანხმება ნიშნავს ერთადერთ რამეს - მათ ვეღარასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. პირობების თანახმად, ნებისმიერი ბირთვული მასალა, რომელიც მათ აქვთ - უფრო სწორად კი ის მასალა, რომელიც არ უნდა გააჩნდეთ - სრულად იქნება გატანილი. ამჟამად ნარჩენებიც მიწაში ღრმად არის დამარხული და მათზე ჰაერიდან უწყვეტი, 24-საათიანი მეთვალყურეობა ხორციელდება.
პრეზიდენტი თავიდანვე მკაფიო იყო: ირანული ბირთვული იარაღი არ იარსებებს. წერტილი. სხვა პრეზიდენტები ამას მხოლოდ ამბობდნენ, პრეზიდენტმა ტრამპმა კი ეს შეასრულა. ოპერაცია "Epic Fury" (ეპიკური რისხვა): ექვს კვირაზე ნაკლები დრო, ცხადი მისია, გადამწყვეტი მოქმედება, დაუძლეველი ძალა. "ამერიკა უპირველეს ყოვლისა".
"ეს არის ისტორიული გამარჯვება ბრძოლის ველზე", - აცხადებს პიტ ჰეგსეტი.
