ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა ევროპა გააფრთხილა და აღნიშნა, რომ მომდევნო თვეებში რუსეთის მხრიდან ახალი ჰიბრიდული თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს. მისი თქმით, კონტინენტს "ბნელი ზამთარი" ელის. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ბრიუსელში, Euronews-ის თავდაცვის სამიტზე, Euronews-ის ჟურნალისტ ანგელა სკუინსთან საუბრისას, ფრანკენმა რუსეთს ბელგიის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა. მედიის ინფორმაციით, წელს ბელგიაში დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელთაგან ზოგიერთმა საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.
"რუსეთი, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები - ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა", - თქვა ფრანკენმა. მან დასძინა, რომ ევროპას უკრაინული ტექნოლოგია სჭირდება რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად.
"ჩვენ გვჭირდება მეტი მარაგი და წარმოების მოცულობის გაზრდა, ჩვენი წარმოების გაფართოება და ძლიერი სამრეწველო ბაზა. ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა მოხდეს. ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენება მომდევნო თვეებში გაიზრდება. ევროპას ბნელი ზამთარი ელის", - თქვა მან.
მინისტრმა განმარტა, რომ რუსეთს ჰიბრიდული თავდასხმების განხორციელების 50-წლიანი გამოცდილება აქვს და ბელგიამ ტექნოლოგიურ ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოს.
"მე არ მინდა, რომ 200 000 დრონი სადმე საწყობში ელაგოს და მტვერს იკრავდეს, რომლებიც ორ თვეში მათი მოძველების გამო გამოუსადეგარი იქნება. ამიტომ, ჩვენ ადაპტაცია გვჭირდება", - თქვა მან.
