აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი NATO-დან გასვლის შესაძლებლობას ალიანსის გენმდივანთან განიხილავს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, მედიასთან გააკეთა.
ქეროლაინ ლევიტმა განმარტა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ირანთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს, მოკავშირეებმა აშშ-ის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.
"NATO ჩვენს გვერდით არ იყო, როცა გვჭირდებოდა და არც იქნება, თუ ისევ დაგვჭირდება. გაიხსენეთ გრენლანდია, ეს დიდი, ცუდად მართული ყინულის ნაჭერი!!!" - დაწერა თავად დონალდ ტრამპმა Truth Social-ის გვერდზე.
Wall Street Journal-ი კი წერს, რომ აშშ განიხილავს საკუთარი სამხედროების გამოყვანას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მას ირანთან დაპირისპირებისას არ დაეხმარნენ.
"განიხილება ძალების გადასროლა იმ სახელმწიფოებში, რომლებიც პენტაგონის სამხედრო კამპანიას უფრო მეტად უჭერდნენ მხარს. გეგმა, შესაძლოა, ასევე ითვალისწინებდეს ესპანეთსა ან გერმანიაში სულ მცირე ერთი ბაზის დახურვას," - აღნიშნავს გამოცემა.
