ევროპაში ბუნებრივი აირის საფასური გაძვირდა და მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია - გაზის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად, მეგავატსაათზე 97 ევროს გადააჭარბა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფასის ზრდა გამოწვეულია რეგიონში ზამთრის პერიოდში გაზმომარაგების შეფერხების რისკებით და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის განვითარების პერსპექტივებით. მცირდება მოლოდინი, რომ ბაზარზე ვითარება უახლოეს მომავალში შემსუბუქდება, რადგან სპარსეთის ყურეში საომარი მოქმედებები და მიწოდების შეფერხებები გრძელდება.

Bloomberg News-ის ინფორმაციით, ირანი ემზადება აშშ-ის მხრიდან ახალი ესკალაციისთვის, რომელიც შესაძლოა ამერიკის ნოემბრის შუალედური არჩევნების პერიოდში დაიწყოს. თეირანი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით საპასუხო დარტყმებისთვისაც ემზადება.

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების არასტაბილურმა ნაკადებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპის ენერგომომარაგებაში 2022 წლის კრიზისის შემდეგ. ამის გამო, კონტინენტი მიწოდების შესაძლო შეფერხებების მიმართ მოწყვლადი რჩება, რადგან ის გაზზე მოთხოვნის პიკური სეზონის დაწყებას საწვავის უჩვეულოდ დაბალი მარაგებით ხვდება.

ევროკავშირის გაზსაცავები დაახლოებით 75%-ით არის შევსებული - ეს სეზონისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლიდან არსებული მონაცემების მიხედვით. გერმანიაში კი გაზსაცავების შევსების დონე მხოლოდ 61%-ზე ოდნავ მეტია.