არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელისკენ მიმავალი Fly Dubai-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მედია უსაფრთხოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ინციდენტი თვითმფრინავის ორ პილოტს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.
თვითმფრინავი საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში დაეშვა, სადაც ორმაგი დანიშნულების (სამოქალაქო და სამხედრო) ობიექტია განთავსებული. მგზავრები უსაფრთხოდ არიან.
მომხდართან დაკავშირებით უფრო დეტალურად წერს გამოცემა Deutsche Welle. მედიის ინფორმაციით, Fly dubai-ს სამგზავრო თვითმფრინავის პილოტები, რომლებმაც განგაშის სიგნალი გასცეს, რუსი და უკრაინელი პილოტები იყვნენ, რომლებსაც ფრენის დროს ჩხუბი მოუვიდათ.
თვითმფრინავმა თავდაპირველად განგაშის სიგნალი 7700 გასცა, რასაც მოჰყვა კოდი 7500, რომელიც თვითმფრინავის გატაცების ან სხვა უკანონო ჩარევის შემთხვევაში გამოიყენება.
ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა. ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები თავდაპირველად თვითმფრინავის ჩასაჭრელად აფრინდნენ, მაგრამ თელ-ავივმა გატაცების შესაძლებლობა მალევე გამორიცხა.
