ეკოაქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა და "გადაშენების წინააღმდეგ აჯანყების" ათობით წევრმა, ვენეციის ცენტრალურ არხში, "გრანდ კანალში" მწვანე საღებავი ჩაღვარეს. აღნიშნულის გამო, მათ ვენეციაში შესვლა დროებით აეკრძალათ.

New York Post-ის ინფორმაციით, ვანდალიზმის აქტი, რომელსაც შეეძლო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საყვარელი ძეგლისთვის გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა, გარემოსდაცვითი აქტივისტების ჯგუფის მორიგი აქციაა, რომლებიც კლიმატის ცვლილებას აპროტესტებენ.

აქტივისტების განცხადებით, საღებავი იტალიის 10 ქალაქის ტბებში, არხებში, მდინარეებსა და შადრევნებში ჩაღვარეს, რაც, მათი აზრით, ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტზე, რომელსაც ისინი "კლიმატის კოლაფსის მასიურ შედეგებს" უწოდებდნენ.

აღნიშნული ქმედების გამო, იტალიის ხელისუფლებამ გრეტა ტუნბერგსა და მის 35-კაციან გუნდს ვენეციაში შესვლა 48 საათის განმავლობაში შეუზღუდა და 172 დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.