ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება "კრედიტ სუისთან" დავაში, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

სასამართლო კომიტეტმა ბერდმუდასა და სინგაპურის წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი ფინანსური და მორალური პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.

"კრედიტ სუისმა" "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 607 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. მმართველ გუნდში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და წლების განმავლობაში მიმდინარე შანტაჟზე საუბრობენ. მათივე თქმით, ის კვლავ იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებს.

"ის [თინა ბოკუჩავა] ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას დააზიანებს და, ამ პირობებში, ივანიშვილს ეს თანხა დაუბრუნდება. ანუ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკური ავანტიურისკენ არის, უნდა ავყვეთ ომის რიტორიკას და თუ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, ბიძინა ივანიშვილს ეს ფული ექნება.

რით ვერ მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არსებობს არანაირი თანხა, რომელიც მას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადაადგმევინებს", - აცხადებს შარმანაშვილი.