საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ფრანგი ჯარისკაცები შესაძლოა უკრაინაში "ფრონტის ხაზიდან მოშორებით" გაგზავნონ, - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა RTL რადიოს ეთერში განაცხადა.
"ჩვენ არასდროს ვგეგმავდით ფრონტის წინა ხაზზე ყოფნას, მაგრამ სარეზერვო ადგილებში, მაგალითად, კიევსა და ოდესაში, ჩვენ შევქმნით გაძლიერებულ დანაყოფებს საწვრთნელი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად, როგორც ამას სხვა ქვეყნებში ვაკეთებთ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
"გაძლიერებული საჰაერო ძალები" ასევე შეიძლება განთავსდეს მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ იმოქმედებენ უკრაინის საჰაერო ძალებთან ერთად", - დასძინა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ბევრი ცდილობს ფრანგების შეშინებას იმით, რომ ხელისუფლება ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩვენ არ უნდა ვიყოთ პანიკაში. ვხედავ, რომ ბევრი ცდილობს ჩვენს დაშინებას იმით, თითქოს, დაუყოვნებლივ გავგზავნით ჯარებს ომში. ეს ტყუილია", -განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
