სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, შობის დღეს საცურაოდ გასული ორი მამაკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დევონისა და კორნუოლის პოლიციის ცნობით, ბადლი-სოლტერტონის სანაპიროზე, დილის 10:25 საათზე, მაშველები გამოიძახეს მას შემდეგ, რაც საცურაოდ გასულ ადამიანების ჯგუფს დიდი ტალღების გამო პრობლემები შეექმნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს და ისინი ადგილზე მყოფმა პარამედიკოსებმა გასინჯეს ან უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა, ორი მამაკაცი, 40 და 60 წლის დაიკარგნენ და ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. პოლიციამ მამაკაცების "ფართომასშტაბიანი" ძებნა ჩაატარა, თუმცა სიბნელის გამო ძებნა შეჩერდა.

"ჩვენი ფიქრები რჩება ორი დაკარგული მამაკაცის ოჯახებთან და მეგობრებთან, ასევე ყველასთან, ვინც შეიძლება ინციდენტის მოწმე ყოფილიყო ან ვინც დაზარალდა", - განაცხადა დეტექტივმა სუპერინტენდანტმა ჰეილი კოსტარმა.

კოსტარმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ამინდის გაუარესების რამდენიმე გაფრთხილება გაიცა, რის გამოც რამდენიმე ოფიციალური და არაოფიციალური ცურვის ღონისძიება გაუქმდა.

ცნობისთვის, შობის დღეს ცივ წყალში ბანაობა ბრიტანული ტრადიციაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.