აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯ.დ. ვენსმა კომენტარი გააკეთა ირანთან ბოლო დროს გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ირანელების მიერ წარმოდგენილი 10-პუნქტიანი შეთავაზების დეტალები გაამხილა.
ვენსის თქმით, 10-პუნქტიანი შეთავაზების 3 სხვადასხვა ვერსია არსებობს და როგორც ისინი ფიქრობენ, პირველი ვერსია, დიდი ალბათობით, CHatGPT-ის მიერ იყო დაწერილი და მასზე მაშინვე უარი თქვეს, მეორე ვერსია კი შედარებით გონივრულია, რომელზეც მხარეებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ბევრი შეტყობინება ვნახე ამერიკულ მედიასაშუალებებზე 10-პუნქტიან შეთავაზებაზე, რომელიც თითქოს ირანულმა მხარემ წარმოადგინა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთი შეთავაზების მინიმუმ 3 განსხვავებული ვარიანტი არსებობს, რომლებსაც ახლა ატრიალებენ. პირველ 10-პუნქტიან შეთავაზებაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო, ვფიქრობთ, დიდი ალბათობით, CHatGPT-ის დაწერილი იყო. ის სტივ ვიტკოფს და ჯარეტ კუშნერს გადასცეს, თუმცა მაშინვე ნაგვის ურნაში წავიდა და მასზე უარი ითქვა. მეორე შეთავაზება შედარებით გონივრული იყო და განხილვის საგანი გახდა ჩვენი, პაკისტანის და ირანულ მხარეებს შორის. სწორედ მას გულისხმობდა პრეზიდენტი თავის გუშინდელ განცხადებაში. სიმართლე გითხრათ, მე მესამე 10-პუნქტიანი შეთავაზებაც ვნახე, რომელიც კიდევ უფრო ხისტია, ვიდრე პირველი და ახლა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. საინტერესო ის არის, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის, New York Times-მა, CNN-მა და სხვებმა, აიტაცეს და გაავრცელეს სწორედ პირველი შეთავაზება, ფაქტობრივად, იმის საფუძველზე, რომ ვიღაც უცნობმა პირმა, ირანში, ის გაუგზავნა ადგილობრივ ტელევიზიებს, რის შემდეგაც მისი წარმოდგენა დაიწყეს, როგორც მოლაპარაკებებზე ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის", - განაცხადა ვენსმა.
