ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, საჰაერო დარტყმების შემდეგ, აშშ „ურთიერთგაგების მემორანდუმის სერიოზულ დარღვევაში“ დაადანაშაულა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, ღალიბაფმა, რომელიც ასევე ირანის პარლამენტის თავმჯდომარეა, ჩამოთვალა რამდენიმე პუნქტი, რომლებიც, მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის საომარი მოქმედებების დროებით შეჩერების შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას წარმოადგენს.
მათ შორის არის: ირანის შეთანხმებების დარღვევა ჰორმუზის სრუტეში; ახალი დარტყმების მუდმივი მუქარა და ნავთობზე სანქციების განახლება.
მედიის ცნობით, ღალიბაფის პოსტი შემდეგი სიტყვებით სრულდება: „დაშინებისა და გამოძალვის ერა დასრულდა. ეს არაფერს მოიტანს. ჩვენ არ დავნებდებით“.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გამავალ სავაჭრო გემებზე თავდასხმების საპასუხოდ, საჰაერო დარტყმები განახორციელა.
