ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის ლათინი პატრიარქი, კარდინალი პიერ ბატისტა პიცაბალა, აღდგომის ტაძარში არ შეუშვა და ბზობის მესის ჩატარებაში ხელი შეუშალა. აღნიშნული ფაქტი იტალიის პრემიერ-მინისტრმა დაგმო. ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ინციდენტი შეურაცხყოფაა არა მხოლოდ მორწმუნეებისთვის, არამედ ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას სცემს პატივს.
ამ შემთხვევის გამო, ისრაელის ელჩი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. განცხადება გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც - ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ გასცა განკარგულება, შესაბამისმა ორგანოებმა ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ. მისივე თქმით, დაწესებულ შეზღუდვას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და ეს პატრიარქისა და მისი თანმხლები პირების უსაფრთხოების დასაცავად გაკეთდა.
ცნობილია, რომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ მასობრივი შეკრებები აკრძალა, მათ შორის - სინაგოგებში, ეკლესიებსა და მეჩეთებში.
