ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დეტალები გაასაჯაროვა. როგორც მოდიმ სოციალურ ქსელში დაწერა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი მიმოიხილეს.
"პრეზიდენტ ტრამპთან პროდუქტიული საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა სავაჭრო, თავდაცვის, ენერგეტიკის, კრიტიკული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს, რათა ჩვენი ყოვლისმომცველი გლობალური სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო წინ წავწიოთ", - აღნიშნა ინდოეთის პრემიერმა.
მისი თქმით, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ და საერთაშორისო გამოწვევებსაც.
"ასევე, აზრები გავცვალეთ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევაზე", - დასძინა ნარენდა მოდიმ.
