ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი უკრაინის მიერ შეთავაზებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას დათანხმდება - ამ სახელწოდებით სტატიას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე თავისი არმიის "წარმატებებით" გამხნევებულია და განახლებული სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი პუნქტი შეიძლება მისთვის მიუღებელი იყოს.
პარალელურ რეჟიმში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მორიგ შეხვედრებს აჯამებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ახალი იდეა ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების თვალსაზრისით, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ მშვიდობას," - ამბობს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი.
გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, უკრაინის გარეშე განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვის სისტემა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ თეთრი სახლი და კრემლი ამაზე უკვე შეთანხმდნენ.
