ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, შესაძლოა, გარდაცვლილი ან მძიმედ დაშავებულია - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. საკითხზე კომენტარი ოფიციალურ თეირანს ჯერ არ გაუკეთებია.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გრძელდება. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ირანის საჰაერო რაკეტების მორიგი ტალღა მოიგერიეს.

სამხრეთ ისრაელში, ირანის მხრიდან თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ზონაში. საერთაშორისო მედიის ცნობით, არავინ დაშავებულა.

აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის ქალაქ ბააბდაში, სადაც ისრაელმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, ქუვეითში ირანის თავდასხმის შედეგად კი ერთი ადამიანია დაღუპული. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

თეირანმა მოხალისეთა რეგისტრაციის კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა. მონაწილეობის მიღება 12 წლიდან არის შესაძლებელი. ადგილობრივი ირანული მედიის ცნობით, მოხალისეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ თავდაცვით საქმიანობაში, ლოგისტიკურ მხარდაჭერასა და სამაშველო სამუშაოებში.