გახდება თუ არა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი - ამ საკითხზე მმართველი გუნდი მსჯელობას იწყებს. ავტორების განმარტებით, ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე, პოლიტიკური ჯგუფების მოწოდება სახელმწიფო ინსტიტუტების არ აღიარებისკენ, ექსტრემიზმია. ხელისუფლება გერმანიის მაგალითზე მიუთითებს, სადაც ექსტრემისტული ჯგუფი სწორედ იმ მიზეზით აიკრძალა, რომ ისინი არ აღიარებდნენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიდნენ პარალელურ სტრუქტურებს და ხელს უშლიდნენ პოლიციას მუშაობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გერმანიის მაგალითზე ბევრი პარალელის გავლებაა საქართველოში შესაძლებელი.

 

"ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციები არის რეაქცია იმის მიმართ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხდება ექსტრემიზმის და ძალადობის გარედან მხარდაჭერა. ყველა ამ საკითხს ვაწესრიგებთ. ჩვენ გვაქვს ამ მხრივ მაგალითი გერმანიის შემთხვევაში, სადაც ფაქტობრივად, იდენტური სიტუაციაა.

ე.წ. რაიხსბიურგერების მოძრაობა, რომელსაც, სხვათა შორის, 20 ათასი მიმდევარი ჰყავდა, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთ დღეში დახურა. თუ არ ვცდები, 4 კაცი დაიჭირეს, მათ შორის ხელმძღვანელები. ბრალდება არის, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, საქართველოშიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს, იქ ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე, ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი. გერმანიაშიც იყო ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ ამ ჯგუფების მოქმედება, მოწოდება რომ გადასახადები არ გადაიხადონ და საქართველოშიც იგივე გვესმოდა, რომ არ გადაიხადოთ გადასახადები.

მუქარა მოსამართლეების მიმართ, მუქარა პოლიციელების მიმართ, საჯარო მოხელეების მიმართ.

ექსტრემისტულ გამოვლინებებს, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის და წესრიგის წინააღმდეგ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება.

ეს არ ეხება პერფორმანსებს და ექსცენტრული ქმედებებს. ეს ეხება გააზრებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია, რომ საზოგადოების ნაწილი, ან მათი მომხრეები დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო არ არსებობს, გაუქმებულია.

რომ გავიხსენოთ ფიცოს მაგალითი, როდესაც გავარდა იარაღი და გახსოვთ, მისი განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის იდეოლოგია, რომელიც ახდენს ადამიანების რადიკალიზებას. სხვათა შორის, გერმანიაშიც იგივე მაგალითია, რომ რაიხსბიურგერების მოძრაობა ამბობდა, რომ გერმანია არის ოკუპირებული და ოკუპანტი ძალის მიერ იმართებაო. ხომ ვერ ხედავთ შემთხვევით პარალელებს, ჩვენი ექსტრემისტების რიტორიკაში, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ საქართველო იმართება საოკუპაციო რეჟიმის მიერ. თუკი იტყვი და თუკი დაარწმუნებ ვინმეს, რომ შენი ქვეყანა ოკუპირებულია, შენს ხელისუფლებაში გიზის ოკუპანტის მიერ დასმული ადამიანები, რა თქმა უნდა, აქ უკვე ამ იდეოლოგიას ატარებ, რომ ყველა ზომა არის დასაშვები, მოკიდე ხელი იარაღს და წადი და გაისროლე," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.