საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს, როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე.

მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოზე ანგარიშის ავტორია, თავს წარმოაჩენს, როგორც საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობის მემკვიდრე და გამორჩეულია ფაშისტური განცხადებით ქართველი ხალხის მიმართ.

"მისი ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ ვხედავთ, ევროპარლამენტის რიგებში საბჭოთა მოქალაქეებს, საბჭოთა ნომენკლატურის თუ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ევროპარლამენტში არიან მოკალათებული, ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს. ამ რეზოლუციის ავტორი არის ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველის ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღის და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, არის ამ რეზოლუციის ავტორი. მას ეკუთვნის განცხადებას, რომ "ქართული ოცნება" არის ინფექცია, რაც არის ფაშისტური ნარატივი სხვათა დემონიზებისა და მათი ღირსების შემლახველი ქცევისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან "ქართული ოცნების" ამომრჩევლები, რითაც კოლექტიური პასუხისმგებლობა წარგვიდგინა, რაც სწორედ ფაშისტური მიდგომაა", – განაცხადა პაპუაშვილმა.