"ქართული ოცნების" წევრებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. მეტიც, სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ შანტაჟს არ ექვემდებარებიან და ეს გადაწყვეტილება მათ ნაბიჯებსა და ქმედებებზე გავლენას არ იქონიებს.
მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპული საბჭოს ეს გადაწყვეტილება უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს. ის, რაც "ქართული ოცნებისთვის" ბრიუსელის მხრიდან მორიგი მუქარა და შანტაჟია, მისასალმებელია ქართული ოპოზიციისთვის.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ეს განცხადებები ღიმილის მომგვრელია და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ემსახურება.
"მხოლოდ ღიმილის მომგვრელია ეს განცხადებები, ერთადერთ მიზანს ემსახურება და ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობდით, რომ ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა მრავალი მიმართულებით. ამაზეც არაერთხელ ვთქვით - არ არსებობს ზეწოლის მექანიზმი, რითაც საქართველოს ხელისუფლებას აიძულებენ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. რაც მოდის როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ევროპელი მოქალაქეების ინტერესებში, ჩვენ ასეთი საერთო ინტერესებისთვის დიალოგისთვის მზად ვართ და არა იმისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგიდის აყირავება და დიალოგის კარის დახურვა. თუ ვინმემ რამე უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
