წუხილით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ბევრ ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენების ფონზე საჰაერო სივრცე არაერთ ქვეყანაში დაიხურა და შეიქმნა გადაადგილების და მგზავრობის შეფერხებები, - განაცხადა გადაცემაში "დღის ქრონიკა" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ ქვეყნებში სათანადო ყურადღებას აქცევენ, მთავრობის გადაწყვეტილების მთავარი მიზანი არის, რომ სამშობლოში მშვიდობით დააბრუნოს მოქალაქეები.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლიერი ვართ იმ ქვეყნების ხელისუფლებების, სადაც ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს გამომგზავრება, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ აწვდიან სათანადო პირობებს. ბუნებრივია ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ალტერნატივა და შესაძლებლობა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და სწორედ ეს იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი, მოტივი, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შეგვეთავაზებინა გზა სამშობლოში დასაბრუნებლად.
ეს არ არის მარტივი პროცესი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უმოკლეს ხანში დავუკავშირდეთ და გვქონდეს კომუნიკაცია საქართველოს ყველა მოქალაქესთან, რომელიც რეგიონში იმყოფება და რომელსაც სურს საქართველოში დაბრუნება. გუშინ უკვე განხორციელდა ერთი რეისი ომანიდან, საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. დღეს ხორციელდება საუდის არაბეთიდან ერთი სპეციალური რეისი, რომელიც დაახლოებით 170 მოქალაქეს წამოიყვანს საქართველოში. ხვალ განხორციელდება დამატებითი რეისი ისევ მასკატის აეროპორტიდან.
საელჩოების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციაა საქართველოს მოქალაქეებთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი მაქსიმალურად უსაფრთხო გზებით მოვახვედროთ სამშობლოში და იმედი მაქვს, დღევანდელი რეისიც ისეთივე მშვიდობიანი და წარმატებული იქნება, როგორიც გუშინდელი და შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანად დაბრუნებას", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
