პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შეწყალებასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზების მნიშვნელობაა, რომ ვერავინ შეძლოს ქართულ არჩევნებზე თავდასხმა და სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით, თითქოს, პოლიტიკური პარტიის ესა თუ ის ლიდერი ვერ იყო სრულფასოვნად ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

პაპუაშვილის თქმით, შეთავაზების მიზანი სწორედ ეს არის და მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო გადაწყვეტილება მიიღონ.

"მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზების მნიშვნელობა არის, რომ აჩვენოს ყველას, განსაკუთრებით მათ დამკვეთებს, რომ არავინ მისცემს შესაძლებლობას გარე ძალებს, რაღაც საბაბები გამოიყენონ ქართულ არჩევნებზე თავდასასხმელად, თითქოს, პოლიტიკური პარტიის ესა თუ ის ლიდერი ვერ იყო სრულფასოვნად ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ამის საბაბს არც ერთ მათ გარე-დირიჟორს არ მივცემთ. ეს შეთავაზება სწორედ ამას გულისხმობს პრეზიდენტის მხრიდან და ვნახოთ, ჯერ კიდევ დრო არის.

რაც შეეხება არჩევნებს, არის მცდელობები, რომ ეს არჩევნები ჩაიშალოს. ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებსაც მიზანი გაცხადებული აქვთ, რომ ჩაშალონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. იყო ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან მცდელობა, რომ დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომელსაც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვთ - არჩევნები ჩაშალონ. ასევე, არის ორგანიზაციები, რომლებიც ამ დღეებში საბოტაჟთან დაკარებით განცხადებებს აკეთებდნენ. ვგულისხმობ "საერთაშორისო გამჭვირვალობას", ნინო ლომჯარიას ენჯეოს და ბაია პატარაიას "საფარს", რომლებიც ეს დღეებია საჯაროდ აცხადებენ, რომ არჩევნების ბოიკოტი უნდა იყოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.