პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, მოშინაურებული ლომი გალავანზე გადახტა და ქუჩაში მყოფ ქალს და ორ ბავშვს თავს დაესხა. ცხოველის მეპატრონე პოლიციამ დააკავა.

ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი, ხუთი და შვიდი წლის გოგონები, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრებში ჩანს როგორ ხტება ლომი კედელზე და ქალს ესხმის თავს. მეპატრონემ შეძლო ცხოველის ქალისგან გარიდება, თუმცა ის ისევ გაიქცა და ბავშვებს დაესხა თავს.

მედიის ცნობით, ქალმა და ბავშვებმა ტრავმები სახისა და კიდურების არეში მიიღეს, თუმცა ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციის ცნობით, ლომი ღია გალიიდან გაიპარა. თავდასხმის შემდეგ ლომი მეპატრონეებმა დაიჭირეს და სხვა რაიონში გადამალეს. მათივე ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია სამი პირი. ლომი ცხოველთა დაცვის სააგენტოს გადაეცა.