ინდონეზიაში, ტურისტულ კუნძულ ფლორესზე ვულკან "ლევოტობის" ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. როგორც times of india იუწყება, ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის სვეტი 18 კილომეტრს აღწევს.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კუნძულის მოსახლეობასა და ტურისტებს ვულკანთან მიახლოება 6 კილომეტრის მანძილზე აეკრძალათ.

ვულკანოლოგიის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ფლორესის ტურისტულ კუნძულზე მდებარე 1584 მეტრის სიმაღლის ორმწვერვალიანი ვულკანი "ლევოტობი ლაკი ლაკი" ადგილობრივი დროით დილის 11:05 საათზე ამოიფრქვა.

"ლევოტობი ლაკი ლაკის" ვულკანი ამოიფრქვა... ფერფლის სვეტი მწვერვალიდან დაახლოებით 18 000 მეტრ სიმაღლეზე ავიდა", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.