აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. ექიმების განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდა, ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევა კახეთში, რიჟვაძის ნათესავის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში მოხდა. ალექსი ახვლედიანი დაკავებულია, მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.

საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე და 238-ე მუხლებით. დაკავებულია ერთი პიროვნება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება", - ამბობს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

გარდა ამისა, "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევამდე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ წერილი დატოვა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. წერილის სრული შინაარსი ცოტა ხნის წინ "იმედმა" გაავრცელა.

"ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.

დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.

ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს," - ნათქვამია გავრცელებულ წერილში.