5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს ისევ განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის ახსნა განმარტებებით გაგრძელდება - სიტყვით ისარგებლებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მათ შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას სხვა ოპოზიციური ძალები დაიკავებენ.

გუშინდელი სხდომა ჟურნალისტებთან შეაფასა მოსარჩელე მხარემ. არჩილ გორდულაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ პროცესზე გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია არგუმენტირებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რაც, მაგალითად, საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი. ამტკიცებდა იმასაც, რომ 2004 - 2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება და არაადამიანური მოპყრობები. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური ძალა. ჩვენ კიდევ ვამტკიცებთ, რომ ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩვენი მტკიცებების, ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, მათ არავითარი სამართლებრივი სათქმელი არ აქვთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.