"მტრული გარემოს პირობებში, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში იქამდე, ვიდრე არ ვიხილავთ დიალოგისთვის მზაობას, ამასთან დაკავშირებით მე განცხადებაც მქონდა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ჰგონიათ, რომ მათი მოსათვინიერებელია ქართველი ხალხი.
"ფაქტია, ვხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით. გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიენე და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილ სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელ დეპუტატად წარმოგვიდგენენ, გველაპარაკებიან ევროპის სახელით. რა არის ახლა ეს, თუ არა ის მომენტი, რომ ადამიანი შეიძლება გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ამის მაგალითები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე საბჭოთა სტილით უყურებენ საქართველოს და ჰგონიათ, რომ მათი მოსათვინიერებელია ქართველი ხალხი. ამიტომ, ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიენესგან და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
