სიონის საკათედრო ტაძარში მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ, ტაძარში ასობით ადამიანი მიდის. ისინი პატივს მიაგებენ ილია მეორის ხსოვნას. პატრიარქის საფლავზე პანაშვიდები მგალობლების თანხლებით აღესრულება. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სიონის ტაძარი მოქალაქეებისთვის ყოველდღე, დილის 08:00-დან საღამოს 22:00-საათამდე ღიაა.
დროებით მოქმედებს შეზღუდვებიც - სრულ მოწესრიგებამდე, პატრიარქის საფლავთან მიახლება აკრძალულია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი მდივნის, პროტოპრესვიტერის, გიორგი ზვიადაძის განცხადებით, 25 მარტს დაგეგმილია პარაკლისი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს უკავშირდება. მან ისაუბრა პატრიარქზე და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ილია II-ის დამსახურებას ავტოკეფალიის აღდგენის კუთხით.
"ქართულმა ეკლესიამ აჩვენა უდიდესი ღირსება მთელს მსოფლიოს. შეიძლება ითქვას, რომ გამთლიანებულია მთელი ერი. მსვლელობა, რომელიც შედგა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძრისკენ, არის მაჩვენებელი იმის, თუ რამხელა სიყვარული აქვს ქართველ ერს საქართველოს პატრიარქის მიმართ. ხვალ, 14:00 საათზე დაგეგმილია პარაკლისი, რომელიც უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების დღეს, ეს არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. საქართველოს პატრიარქმა მისი აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, რომ აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა. ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი შრომა. პატრიარქი იყო უკიდურესად თანმიმდევრული და უშეღავათო, როცა საკითხი ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას," - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელმა მდივანმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლის წევრებმა "კურიერთან" პატრიარქზე და მის დამსახურებაზე ისაუბრეს.
ლამარა ღონღაძე: ილია მეორე იყო რაც ქრისტემ დაგვიბარა ის სიყვარული მთლიანად. ნახევარი საუკუნის წინ, ღიმილთან ერთად მოიტანა დიდი სიყვარული. ილია მეორე ჩემთვის იყო, პირველ რიგში, ადამიანი, როგორიც უნდა იყოს იდეალური ადამიანი.
ლედი მჭედლიშვილი: ძალიან დიდი ტკივილია მთელი ერისთვის და მეც გულგრილად ვერ ჩავუვლიდი ამ მომენტს, ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ დიდი იმედია უკვე ტაძარში ჩვენთვის. მივედი და ჩვენი ქვეყანა შევავედრე.ჯერ მარტო ავტოკეფალია რას ნიშნავს, რაც მისცა საქართველოს და შეძლო ამის აღდგენა.
მეგი წიკლაური: ეს დღეები [ისეთი] იყო ჩვენთვის, ალბათ, მთელი ცხოვრება რომ გვემახსოვრება ჩვენ, ჩვენს შვილებს. გულით ყოველთვის ვეუბნები მადლობას, მარტო მადლობას იმ სიყვარულისთვის, იმ ყველაფრისთვის.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 2026 წლის 17 მარტს მიიცვალა. პატრიარქი დაკრძალვამდე სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც პანაშვიდებს ყოველდღიურად ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები და მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი მრევლი.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონია კვირას, 22 მარტს გაიმართა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო - მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის დელეგაციები. ჩამოსული იყო მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, რომელმაც წესის აგების მსახურებაში მიიღო მონაწილეობა. ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს გალობის, ლოცვისა და ზარების რეკვის თანხლებით.
ილია მეორე 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
