ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.

მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის - "ფულის გათეთრების" ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს; სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნულში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რომეო მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის უკანონო ლეგალიზაციას - "ფულის გათეთრებას" გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.