გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი განმარტავს, როგორ მოხვდა ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის წინადადებაში და რატომ ამოიღეს ის დოკუმენტიდან.
როგორც ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, ყველა სანქციას წარედგინება კონკრეტული მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც იღებს ევროპარლამენტი გადაწყვეტილებებს, ყულევის შემთხვევაში კი მტკიცებულებები საკმარისი არ ყოფილა.
"ქართული მედიასაშუალებები, მათ შორის დასანქცირებულები, მუდმივად მთხოვენ განმარტებას ჩემს განცხადებაზე სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით. მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები და ვადასტურებ, რომ ყულევი შეყვანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტი.
ევროკავშირის სანქციებს საბჭო წყვეტს. წინადადებებს წარადგენს კომისია ან ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური. ყოველი წინადადებისთვის არსებობს მტკიცებულებათა პაკეტი. ეს აუცილებელია, რადგან კანონის უზენაესობისა და სამართლიანი პროცესის პრინციპებიდან გამომდინარე, სანქცირებულ პირებს აქვთ სამართლებრივი გასაჩივრების უფლება.
ყულევის პორტი შეყვანილი იყო სანქციების პაკეტში, თუმცა შემდეგ ამოიღეს წინადადებიდან, რადგან მივიღეთ "ვალდებულებები" ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორი SOCAR-ისგან. გთხოვთ, შეამოწმოთ ზუსტი ფორმულირება ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის წერილში. აი, მთავარი ამონარიდი წერილიდან: "საქართველოში მდებარე ყულევის პორტი თავდაპირველად შეთავაზებული იყო სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შესაყვანად, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერების მიერ პორტში შესვლის გამო".
შემდეგ ნათქვამია: "ეს თავდაპირველი პოზიცია გადაიხედა თქვენი ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორის მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულებების საფუძველზე".
წერილში ევროკავშირის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს: "თქვენი ვალდებულება - აღკვეთოთ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობები საქართველოს ტერიტორიის გავლით, მომავალში მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სანქციებს საფრთხე არ ემუქრება", - წერს ფიშერი.
