სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაკრძალეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები მივიდნენ. ისინი პატრიარქის სულის მოსახსენიევბელ პანაშვიდს ატარებენ. დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მგალობლების თანხლებით პანაშვიდს გადაიხდიან.

დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი​ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იყო, ყველა ადამიანმა ვერ შეძლო ტაძარში მისვლა.

მისივე განმარტებით, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ.

"პანაშვიდები იქნება ყოველდღე სიონის საკათედრო ტაძარში. განრიგი გამოქვეყნდა, დრო არის დილიდან საღამომდე. უწყვეტად იქნება პანაშვიდები, იმორიგეებენ სასულიერო პირები და ყველა მომსვლელს შეეძლება, პანაშვიდს დაესწროს. პანაშვიდები იქნება სულ.

პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები, გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა იმ ერთმა წუხილმა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ღია იყო სამების ტაძარი. მაინც ვერ მოხერხდა, ყველა მოსულიყო, თუმცა საფლავზე მოსვლა ყველას შეეძლება", – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.