მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება სწორედ წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.

დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ფოკაში, სადაც სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ფარავნის ტბის მიმდებრე ტერიტორიაზე წაიკითხეს სახარება, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ პარაკლისი აღავლინა, შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა. მსახურებას მრევლთან ერთად დაესწრო პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად.

"დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს სულიწმინდის დღეს, ასევე წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს შემობრძანებას საქართველოში. სულიწმინდა, ღმერთი, რწმენა, როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სულიწმინდის მოვლინების გამო დაითმინა მან საშინელი ტანჯვა და სიკვდილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება.

შემთხვევითი არ არის, რომ წელს, საიუბილეო წელს, სულიწმინდის დღის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში. წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლოცვებში და საგალობლებში წმინდა ეკლესია მას უწოდებს "დედისა ღვთისა საკუთარ მოწაფეს" და ეს ჭეშმარიტად ასეა.

რითაც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული დედობრივი ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე, საქართველოზე და აი, 1700 წელი გავიდა მას შემდეგ. ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური თარიღი და მოვლენა, არამედ ამ თარიღმა განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება, ამ რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა. კიდევე ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს.

ძალიან ამაღელვებელია აქ ყოფნა, ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის ამ მადლიან მიწაზე, საიდანაც დაიწყო ის დიდი სულიერი გზა, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ქართველი ერი და სრულიად საქართველო გაქრისტიანებამდე", - განაცხადა განაცხადა შიო მესამემ ქადაგებისას.