ანტალიაში, ტორნადოს შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, ტორნადო სამშენებლო მოედანზე წარმოიქმნა და ის კონტეინერები დააზიანა, რომელშიც 5 მუშა იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, ადგილზე სასწრაფო დახმარების, სამაშველო და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დადგინდა, რომ ორი მუშა შემთხვევის ადგილზე უკვე გარდაცვლილი იყო, კიდევ ორი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული მუშის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის თავს კარგად გრძნობს.
"სამწუხაროდ, ორი მუშა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, კიდევ ორი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი მუშა დაშავებულია, თუმცა მისი მდგომარეობა მსუბუქია.
ჩვენ უჩვეულო ბუნებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რადგან ქალაქის სხვა არცერთი უბნიდან ქარიშხლის ან ქარბორბალის შესახებ შეტყობინება არ მიგვიღია. მიმდებარე შენობები არ დაზიანებულა. ამ ტერიტორიაზე წარმოქმნილმა ქარბორბალამ კი ორი კონტეინერი მთლიანად გაანადგურა", - განაცხადა ანტალიის გუბერნატორმა ჰულუსი შაჰინმა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქში ძლიერი წვიმის გამო გაფრთხილების ყვითელი დონეა გამოცხადებული.
